ხატია სტეფანოვი

საქართველოსთვის
გორი
ბიოგრაფია

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ გორში. 2018 წელს დავამთავრე ქ.გორის მესამე საჯარო სკოლა წარჩინებით, ოქროს მედალზე. სკოლის დასრულების შემდეგ 2018 წელს გრანტით ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტზე. ამჟამად ვარ მეოთხე კურსზე და სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. სკოლის პერიოდიდანვე ჩემი საქმიანობა უკავშირდებოდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროექტებს რომლებიც ადგილობრივ დონეზე ხორციელდებოდა. 15 წლის ასაკში ჩემს მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მივიღე არასამთავრობო ორგანიზაციის მშენებლობაში. ამ ორგანიზაციაში 6 წლის განმავლობაში ვიკავებდი სხვადასხვა წამყვან პოზიციას. საქართველოს მასშტაბით ვანხორციელებდით 7 მსხვილ პროექტს და ერთ-ერთი მათგანი არის სტუდენტური პარლამენტი რომლის შექმნის თანაავტორიც გახლავართ. 2020ის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩავერთე პოლიტიკაში ახალგაზრდული მიმართულებით და ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტშიც. ამჟამად პარტია ,,საქართველოსთვის” ახალგაზრდული მიმართულების ბორდის წევრი და გორის საკრებულოს სიის მეხუთე ნომერი გახლავართ.

პროგრამა

ადგილობრივ დონეზე კარგად მესმის გორელი ახალგაზრდების საჭიროებები და რაც პირველი და უმნიშვნელოვანესია ეს არის ახალგაზრდული ცენტრების შექმნა, რომელიც იქნება პოლიფუნქციური ხასიათის. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა და სივრცე საკუთარი თავი განავითარონ ადგილობრივ დონეზე.

შემდეგი არის ის რომ 7-8 საათის შემდეგ ფაქტობრივად არ არსებობს არც სივრცე და არც შესაძლებლობა იმის რომ ახალგაზრდები შეიკრიბონ და უბრალოდ ისაუბრონ. 8 საათის შემდეგ პოლიფუნქციური სივრცეების ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებასაც, ვინაიდან ტურისტები ადგილზე ნახულობენ სტალინის სახლ-მუზეუმს უფლისციხეს და ტოვებენ ქალაქს. ღამის ცხოვრების განვითარება კი ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

განვითარება და ხელშეწყობა სჭირდებათ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან. ამიტომ უნდა შეიქმნას ინოვაციური პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებაზე.

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის იმ ახალგაზრდების განვითარებისთვის ხელშეწყობა, რომელთაც რეალურად აინტერესებთ პოლიტიკა. ქალაქში უნდა არსებობდეს პროგრამები, რომლის საფუძველზეც ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვებიან, სტაჟირებას გაივლიან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები.